ქუთაისის #15 საჯარო სკოლის მოსწავლის ანა კვეკვესქირის საკონფერენციო თემა მოსწავლეთა 72-ე სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაზე
ჩემი გაღმა ნაპირი
ნუგზარ შატაიძის
მოთხრობის „მოგზაურობა აფრიკაში“ მთავარ გმირს პირველად შევხვდი არა აფხაზეთში, არა
თბილისში, არამედ ჩემთვის ( და მისთვისაც) მოულოდნელად გიორგი ოვაშვილის ფილმში „გაღმა
ნაპირი“.
მას შემდეგ, რაც
ფილმს რამდენიმეჯერ ვუყურე და გავიგე, რომ არაერთ საერთაშირისო ნომინაციაში გაიმარჯვა,
გადავწყვიტე მომეძია ფილმის სცენარის პირველწყარო.
ასე აღმოვჩნდი
ცნობილი თანამედროვე ქართველი მწერლის ნუგზარ შატაიძის მოთხრობის „მოგზაურობა აფრიკაში“
ფურცლებზე.
მოთხრობის და,
შესაბამისად, ფილმის გმირი ბიჭი თითქმის ჩემი ასაკისაა. უბრალოდ, მასთან მაშორებს სულ
რაღაც ორი ათეული წელი. ავბედითმა 90-იანებმა ორ მოძმე ხალხს - ქართველებს და აფხაზებს შორის, მესამე ძალის მიერ დიდი ხნის წინ ჩადებული
ნაღმი ააფეთქა. აფხაზეთი გაიხლიჩა. სამასი ათასზე მეტმა ქართველმა მშობლიური კუთხე
იძულებით დატოვა და საკუთარ სამშობლოში „ლტოლვილი“ ეწოდა.
მე-20 საუკუნის
90-იანი წლები საქართველოს უახლეს ისტორიაში
უმძიმესი პერიოდია. ომმა ათასობით ადამიანს დაუნგრია ცხოვრება, წაართვა შვილები, მშობლები
და ნათესავები. ერთმანეთს დააშორა ადამიანები.
ნუგზარ შატაიძის
მოთხრობის „მოგზაურობა აფრიკაში“ მთავარი გმირის ცხოვრებაც აფხაზეთის ომმა შეიწირა.
წაართვა ოჯახი, საცხოვრებელი, საყვარელი ტყვარჩელი და მეგობრები. როგორც ყველა ომს,
აფხაზეთის ომსაც სისხლისღვრა, ნგრევა და უბედურება მოჰყვა. მოთხობის გმირი იძულებული
გახდა დედასთან ერთად თბილისში წასულიყო, მამისგან შორს. ომის შედეგად არეულობა და
დაძაბულობა მთელს ქვეყანაში გამეფდა. ბიჭს დედა გაულოთდა. იგი მალე დედისგანაც წამოვიდა,
რათა მუდმივ დავიდარაბას და ჩხუბს გასცლოდა. გადაწყვიტა მეგობართან ერთად ქუჩაში ყოფილიყო,
ოცაპიკიანი წებო ესუნთქა და დამოუკიდებლად ეცხოვრა.
ქუჩაში ცხოვრება ადვილი როდი აღმოჩნდა პატარა, უპატორნო
ბიჭისთვის. მათხოვრობდა, ეს კი ძალზე სახიფათო "პროფესიად"
ითვლებოდა, რადგან შუქნიშები დაკავებული, ხოლო მეტრო საშიშ იყო; თუ დაიჭერდნენ, სცემდნენ
და ფულსაც წაართმევდნენ. ეკლესიებთან ხომ საერთოდ ვინ მიუშვებდათ, იქ ნამდვილი
"წყვეტა" იყო, მოხუცი ქალები კინწისკვრით გამოაგდებდნენ. არც მიწისქვეშა
გადასასვლელები და კაფეები გამოდგებოდა. თუმცა მოხერხებით რაღაცას მაინც ახერხებდა.
მოთხრობაში ვკითხულობთ: "ხალხის უმეტესობას ფული არა აქვს და ვერც ვერაფერს იძლევა.
ფულიანები კი ქუჩაში ფეხით არ დადიან. ისინი მანქანებში სხედან“.
მოთხრობის გმირი
სახლის ნანგრევების სარდაფში, მუყაოს „სახლში“ ცხოვრობდა, რომელიც საკმაოდ თბილი იყო
(ყოველშემთხვევაში ბიჭს, რადგან უკეთესი რამ არც ჰქონდა, ასე ეჩვენებოდა). ჭამდა ოცთეთრიან
სუპს და „მოგზაურობდა“ თავის აფრიკაში ლომებთან, ჟირაფებთან, ანტილოპებთან, ზებრებთან
და გიენებთან. და არც ჰქონდა სურვილი ებრძოლა სინამდვილის შეცვლისათვის. თუმცა: გარემო,
რომელშიც ბიჭი ცხოვრობს, მისი ნება-სურვილით არ არის შექმნილი.
გზა, რომელსაც
ბიჭი მიუყვება და რომელიც მუყაოს ყუთზე, წებოსა და ეგზოტიკურ ცხოველებზე გადის, მისი
არჩევანი არ არის. ამ გზის და გარემოს შექმნაში გადამწყვეტ როლს ომი თამაშობს... ომი,
რომელმაც ბიჭი მშობლიურ კუთხეს, სახლ-კარს, საყვარელ დედ-მამას და მეგობრებს დააშორა.
ბიჭში ერთადერთი
ნათელი ვარსკვლავი მაინც ბჟუტავს. ერთადერთი იმედი - ეს არის მამა, რომელიც, შესაძლოა,
ცოცხალი იყოს.
სწორედ ამ ოცნებამ
უბიძგა მას „ემოგზაურა“ აფხაზეთში. ოჩამჩირეში მოხვედრილს სწამს, რომ როგორც კი ზღვა
გამოჩნდება, ის უზრუნველი დროც დაბრუნდება, დედ-მამასთან რომ ატარებდა. ბიჭს შეიძლება
ბოლომდე არც სჯერა თავისი ოცნების. თუმცა უნდა კი სჯეროდეს. სამწუხაროდ ზღვამ იმედები
გაუცრუა. ისე შემზარავად ღრიალებს, რომ ის შიშისგან უკან იხევს. აქ თითქოს კიდევ ერთი
სინამდვილე იწყება. თბილისში იძულებით „გადასროლილ“ ბიჭს საცხოვრებელი არ აქვს. შია,
წყურია და არ იცის თავი სად შეაფაროს თავისი მამა-პაპეული აფხაზეთის მიწაზეც.
და მაინც: მკითხველს
ძალაუნებურად გული გითბება, როცა ხედავ, რომ „მარშრუტკის“ მძღოლი ფულს არ იღებს, ხოლო
მოგვიანებით ტყვარჩელისკენ მიმავალს გზაზე აფხაზი დაური ისე ემშვიდობება, თითქოს უკან
მალე უნდა დაბრუნდეს...
გალის საზღვრისპირა
რაიონის, ოჩამჩირის და ტყვარჩელის ადგილები დაცარიელებულა, მაგრა ადამიანები საბოლოოდ
ჯერ კიდევ არ გაუცხოებულან.
სანამ მოთხრობის
გარშემო განვაგრძობთ საუბარს, კარგი იქნება ნუგზარ შატაიძის ამ მოთხრობის მიხედვით
გადაღებულ ფილმსაც შევეხოთ. „მოგზაურობა აფრიკაში“ დაედო საფუძვლად რეჟისორ გიორგი
ოვაშვილის ფილმს „გაღმა ნაპირი“. მოთხრობის მსგავსად, ფილმშიც მოქმედება 90-იანი წლების
თბილისსა და აფხაზეთში ვითარდება. ფილმის მთავარი გმირი აფხაზეთიდან დევნილი თორმეტი
წლის ბიჭია. ბიჭი, რომელმაც იძულებით დატოვა აფხაზეთი, ტყვარჩელი, დაკარგა მამა, სახლი
და ბავშვობა. ფაქტიურად ქუჩაში მყოფ ბიჭს დედაც გაულოთდა და ქურდობს თავის ტოლ ბიჭებთან
ერთად.
ფილმში მოქმედება
განსაკუთრებით მძაფრდება, როცა მთავარი გმირი აფხაზეთში წასვლის გადაწყვეტილებას მიიღებს.
ოცნებისკენ მიმავალი გზა ბიჭისთვის ამოუცნობი და ტკივილიანია.
უშუალოდ მოთხრობას
თუ გავყვებით, ბიჭს გზაზე უფრო კეთილი ადამიანები ხვდებიან (მოხუცი ქალი გალიდან,
„მარშრუტკის“ მძღოლი ოჩამჩირიდან, აფხაზი ცოლ-ქმარი ოჩამჩირიდან, „მოსკვიჩის“ მძღოლი
ტყვარჩელიდან), ვიდრე ბოროტები.
ფილმის სცენარის
მიხედვით კი ვაგონის გულქვა გამცილებელს, მანქანის გამტაცებლებს და სატვირთო ავტომანქანის
მძღოლს, თითქოს, პირი შეუკრავთ ბიჭის წინააღმდეგ... ფილმში ბიჭმა მაინც მიაღწია თავისი
ოცნების ქალაქს - ტყვარჩელს, სადაც სახლი გაპარტახებული, ხოლო მამა სადღაც გადაკარგული
დახვდა. თუმცა, აქვეა მოხუცი მეზობელი მარო ბებო, რომელიც თბილად მიიღებს, დააპურებს
და დარჩენასაც შესთავაზებს.
ფილმს ერთგვარ
გამეორებად გასდევს ბიჭის მიერ თვალების ხშირი დახუჭვა, რაც სინამდვილისადმი პროტესტად
უნდა მივიღოთ. თედო ხუჭავს თვალებს, მას აღარ აქვს ბავშვობა, სახლი, მამა. უკან დაბრუნებაც
ისეთივე წარმოუდგენელია, როგორც იქ ყოფნა სადაც არის „მას მხოლოდ აფრიკული სიზმრები
რჩება: ულამაზესი პეიზაჟები და ჟირაფები. ფილმში მტერიც და მოყვარეც ერთი მდინარის
ნაკადში არიან. თედოს სახლი „შინ ყოფნის“ გაღმა ნაპირია, „შინ ყოფნის“, რომელიც შინ
აღარაა.
ფილმი ორაზროვანი
ფინალით მთავრდება „თითქოს რეჟისორი გვეუბნება, როგორი მაყურებელიც ხარ, ისე დაასრულე
სურათიო. კონფლიქტით გამოწვეული პრობლემა არ გვარდება. თედო ვერ იბრუნებს მამას და
გაღმა ნაპირს, თუმცა რაღაც ერთი ეტაპი სრულდება, ეს ერთდროულად დადებითისა და უარყოფითის,
იმედისა და სასოწარკვეთის სინთეზია. რაღაცის დასასრულს ხომ ყოველთვის რაღაცის დასაწყისი
მოსდევს ხოლმე.“
მოთხრობა „მოგზაურობა
აფრიკაში“ ჩემი აზრით ძალიან საინტერესოდ იკითხება. ალბათ იმიტომ რომ რთული სოციალური
პერიოდია აღწერილი. მთელი ქვეყანა, თითქოს, შიმშილს, მათხოვრობას, სისასტიკესა და უგულობას
მოუცავს. ქუჩაში უპატრონოდ „გაჭრილი“ ბავშვები მწარე სინამდვილეს თვალს უსწორებენ.
ამ მწარე სინამდვილის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი რგოლი მდინარე ენგურზე გადებული
ხიდია. ხიდი, რომელიც ომის შედეგად გაღმა და გამოღმა ნაპირებად დაყოფილა აფხაზეთიდან
დევნილი ქართველებისთვის.
ყველა ეპოქაში,
ყველანაირ ომს მხოლოდ ნგრევა და ტკივილი მოსდევდა. აფხაზეთის ომის შემთხვევაშიც ანალოგიურ
სიტუაციას აქვს ადგილი. ვიღაცეებისთვის, შეიძლება, აფხაზეთის ომი მხოლოდ თავიანთსავე
ქვეყანაში დევნილი ათასობით ადამიანი იყო და არის. სინამდვილეში, აფხაზეთის ომი უამრავი,
ნუგზარ შატაიძის მოთხრობის გმირის მსგავსად, უსახლკაროდ, უსოფლოდ, უქალაქოდ, ედედმამოდ,
უშვილოდ, უმეგობროდ დარჩენილი ადამიანების ტკივილით სავსე ცხოვრებაა.
ცნობილი გერმანელი
ომის მწერალი ერიხ მარია რემარკი თავის ერთ-ერთ რომანში წერდა, რომ ადამიანებს ღმერთმა
ომის საშინელებათა დავიწყების შესანიშნავი უნარი მისცა. სხვაგვარად მათ სიცოცხლის გაგრძელება
გაუჭირდებოდათ. მწერალს შეიძლება ნაწილობრივ დაეთანხმო, ვინაიდან ომით მიყენებული ტკივილი
არასდროს ქრება მეხსიერებიდან. ის მხოლოდ უფრო ყრუ შეიძლება გახდეს. ხოლო მოთხრობაში
აფხაზურ ოჯახში ქართველი ბიჭის მიღება, ერთგვარ იმედს სახავს ქართველთა და აფხაზთა
სამომავლო შერიგების გზაზე. მითუმეტეს, ნათესაური კავშირი ამ ორ ხალხს შორის იყო და
ომის შემდეგაც გრძელდება.
„ამდენად: რამდენადაც
ძლიერია მოთხრობაში აფრიკაში მოგზაურობის შთაბეჭდილება, რამდენადაც ახლოს მოდიან სპილოები,
მარტორქები, ანტილოპები, ისე ახლოს, რომ გრძნობ მათ სუნს, სითბოს, იმდენად სუსტია და
შორიდან ისმის აფხაზი დაურის ხმა. აფხაზეთში დარჩენილი მამის სახესავით ბუნდოვანია
იქაური ცხოვრება. ამიტომ იქ აწმყოს წარსული სჯაბნის, ნანახს და განცდილს მოგონება სჭაბობს,
მწერლის მდიდარ ფანტაზიასაც კი უჭირს იმ სიცარიელის ამოვსება, რომელსაც ნაცნობი ადგილების
ხელახლა ხილვის სურვილის დაუკმაყოფილებლობა იწვევს ჩვენში.
„ჩანს, ჩვენთვის
დღეს აფხაზეთი უფრო შორსაა, ვიდრე აფრიკა.“
პ.ს. ჩემი გაღმა ნაპირი იქ, აფხაზეთშია. ომის მიზეზით
არც მე დავბადებულვარ აფხაზეთში, იქ, სადაც უნდა დავბადებულიყავი. მართალია, მე არ
მახსოვს და არც ვიცი ომის წინანდელი აფხაზეთი, თუმცა ვგრძნობ და მენატრება აფხაზეთის
მზე, რომელიც მზესუმზირის ყვავილივით ყვითელი იყო. მენატრება ცა, რომელიც ზღვასავით
ლურჯი, და ზღვა, რომელიც ცასავით ცისფერი იყო...
პირველად, როცა
ხიდზე გადავდიოდი, დიახ ენგურის ხიდზე, გული საგულედან ამოვარდნას ცდილობდა. ვიცოდი,
რომ ის დრო არ იყო, როცა ადამიანებს იჭერდნენ და ხვრეტდნენ, თუმცა მაინც მეშინოდა.
მკითხავთ, ალბათ, რისი მეშინოდა. მეშინოდა იმ ჩაკეტილი ხიდის, რომელიც ქართველებსა
და აფხაზებს შორის იყო. მეშინოდა იმ მზის, რომელიც სიხარულით აღსავსე არ შემომეგებებოდა
და არ მომეფერებოდა თავისი თბილი სხივებით...
ენგურის ხიდი,
სულ რაღაც, ერთი კილომეტრის სიგრძისაა, თუმცა იმ წამს ეს ხიდი ჩემთვის ჩინეთის კედელზე
უფრო გრძელი იყო. ფიქრები: რომ არ ყოფილიყო ომი, რომ არ ყოფილიყო ეს უბედურება, სისხლისღვრა,
დაპირისპირება, სად ვიქნებოდი მე... ალბათ, აფხაზეთში. ჩემს საყვარელ აფხაზეთში. ჩემს
საყვარელ ადამიანებთან ერთად. არ მომიწევდა ხიდის გავლა ისე, თითქოს ჩემს მშობლიურ
მიწაზე სტუმარი ვყოფილიყავი. ვაკვირდებოდი და ირგვლივ მყოფ ადამიანებში რაღაც ჩუმი
სევდა იგრძნობოდა. ჩუმი საუბარი, გადალაპარაკება და თითქოს ცრემლებით სავსე, მწუხრით
სავსე თვალები. ასეთი თვალები მხოლოდ აფხაზეთიდან დევნილ ადამიანებს თუ ექნებათ. როცა
მათ ვუყურებ, ვხვდები, თუ რა ტკივილი აქვთ გადატანილი...
მზერა მდინარეზე,
ენგურზე გადამაქვს და ვფიქრობ, ეს ენგური ჰორიზონტივით უკიდეგანოა. ენგური, რომელიც
ჩემს სახლთან ჩამოდის. ჩამოდის და ყველას ახარებს. მაგრამ ესეც არ არის ძველი ენგური.
წინათ ის მოუსვენარი, სწრაფი, შმაგი და მხიარული იყო. ახლა კი თითქოს რაღაცამ თავზარი
დასცაო, დადუმებულა და ხმასაც არ გვცემს. გვიბრაზდება. თითქოს არავინ იცის მისი გაბრაზების
მიზეზი, მაგრამ ეს ასე არ არის...
გზაში ცხენით
მიმავალი ადამიანი შეგვხვდა. ლამაზად მიაჭენებდა ცხენს, უკეთესს რას ნახავდა თვალი.
შავი ცხენი იყო, ძალიან ლამაზი. თვალებიდან ნაპერწკლები ცვიოდა. დედამ ხელი მომკიდა.
მივხვდი, მალე საკონტროლო პუნქტს მივუახლოვდებოდით.
მშვიდობით გადავედით
საზღვარზე და მოვხვდი აფხაზეთში. აფხაზეთში, რომელიც ჩემი აღარ იყო. რომელიც ჩევნი
აღარ იყო. არც ქართველების და არც აფხაზების. გული მწყდებოდა. საშინლად ვგრძნობდი თავს.
რადგან ზღვა, რომელიც დამხვდა, თითქოს ყვიროდა, შველას ითხოვდა, ჭრილობების მოშუშებას
ცდილობდა. თუმცა მას ვიღაც გამუდმებით მარილს აყრიდა და ტკივილს უმძაფრებდა.
საზღვარზე ჩემი
პირველი გადასვლიდან წლები გავიდა, მაგრამ მდგომარეობა კვლავინდებურად უცვლელი რჩება.
ნუგზარ შატაიძის მოთხრობის „მოგზაურობა აფრიკაში“ გმირის მშობლიური აფხაზეთი კვლავ
გაღმა ნაპირად რჩება. ასევე გაღმა ნაპირად რჩება ჩემი მშობლიური ოტობაია. აფხაზეთში,
სადაც გადასვლა დღითიდღე უფრო რთულდება. ჩემთვის ისევე ძნელდება მამის საფლავის მონახულება,
როგორც მოთხრობის გმირი ბიჭისთვის ტყვარჩელში წასვლა. ათასობით ქართველს ოც წელზე მეტია
საკუთარი ახლობლების საფლავები არ მოუნახულებია. ძალიან ბევრს კი იქ, აფხაზეთში გმირულად
დაცემული ქართველი ვაჟკაცების უსახელო საფლავები ეგულებათ...
როგორც ყველა
აფხაზეთელს, მეც იმედი მაქვს, რომ გაივლის წლები და ომის შედეგად ჩატეხილი ხიდი აღდგება,
რომ ომის შედეგად მიყენებული ჭრილობები მოშუშდება, ძველებურ სახეს დაიბრუნებს ქართველთა
და აფხაზთა მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრება და მეგობრობა. და არცერთ ბავშვს, რომელიც
დევნილია აფხაზეთიდან, არ დასჭირდება მოგზაურობა აფრიკაში. ყველა დაბრუნდება აფხაზეთში
და მოინახულებს იმ „ეგზოტიკურ აფრიკას“, რომელიც სოხუმის მშვენება იყო. აქ კი გავიხსენებ
გალაკტიონის გულშიჩამწვდომ სიტყვებს აფხაზეთზე, რომელიც პოეტს მშვიდობიან დროს, იქ
ყოფნისას დაუწერია:
„გამარჯობა, აფხაზეთო
შენი,
ლურჯო მთებო,
თეთრო სანატორია...
მომენატრა მზე
სინათლის მფენი,
მომენატრა ზღვა,
რომელიც შორია...“
გამოყენებული
ლიტერატურა: 1) ქართული ენა და ლიტერატურა, მეცხრე კლასის სახელმძღვანელო.
Комментариев нет:
Отправить комментарий