Страницы

ინტერნეტ–მასალები ქართულის სწავლებაზე


http://mastsavlebeli.ge


ვინ და რატომ შეაცვლევინა ლეო ქიაჩელს „ჰაკი აძბას“ დასასრული?


სერიის „ქართველი მწერლები სკოლებში“ წიგნებს აქტიურად იყენებენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები, ვინაიდან, ნაწარმოების გარდა, სერია საკმაოდ საინტერესო კომენტარებს, საორიენტაციო გეგმებსა და თემებს, ანალიზისთვის დასაფიქრებელ შეკითხვებს სთავაზობს მკითხველს. წიგნებს ბოლოში ამონარიდები აქვს დართული ქართველ მკვლევართა მიერ ამ თემაზე შექმნილი ნაშრომებიდან. სერიის მეცამეტე წიგნში ლეო ქიაჩელის ორი მოთხრობაა დაბეჭდილი. სწორედ ამ წიგნიდან გავიგე პირველად, რომ თურმე „ჰაკი აძბას“ ორნაირი დასასრული ჰქონია. პირველი ვარიანტი ასეთია:
„იგი (ჰაკი) ერთი ნახტომით გემბანის მოაჯირთან გაჩნდა. ცხადი იყო მისი განზრახვა და თვალიც ვერ შეასწრეს, რომ აქაფებულ ტალღებში გადაეშვა.
გემბანზე წამით სიჩუმე ჩამოვარდა.
-სულერთია, ეს მონა ადამიანად მაინც არ გამოდგებოდა…
ნაღვლიანის ხმით წარმოთქვა კუზმამ და მოკლე, მაგრამ ბეჯითი ნაბიჯით თავისი კაბინისკენ გაემართა“.
მეორე დასასრული კი ასეთია:
„იგი (ჰაკი) ერთი ნახტომით გემბანის მოაჯირთან გაჩნდა. ცხადი იყო მისი განზრახვა. ჰაკი არ შედგა. მაგრამ სანამ ტანს მოაჯირზე გადასახტომად მოიმარჯვებდა, კუზმასაკენ მოიხედა შეღრინებით.
-შენ სიკვდილი გეკუთვნის ჩემგან! – შესძახა კუზმამ, და იმავე წამს მისი რევოლვერიც გავარდა.
შუბლგანგმირული ჰაკი აძბა იატაკზე გაიშხლართა.
წამით სიჩუმე ჩამოვარდა.
-სულ ერთია, ეს მონა ადამიანად მაინც არ გამოდგებოდა… აიღეთ და გადააგდეთ.
დამშვიდებული ხმით წარმოთქვა კუზმამ და მოკლე ნაბიჯით თავის კაბინისკენ გაემართა“.
როგორც წიგნის შემდგენლები აღნიშნავენ სქოლიოში: „ამგვარ დასასრულთან დაკავშირებით აკ. ბაქრაძე წერს: „ამგვარი გადაკეთება ზემორე გამოთქმულ აზრს არ ცვლის, რამეთუ ჰაკი აძბა მაინც კილგას საქციელის მსხვერპლია. აქ მხოლოდ შერბილებულია კუზმას მოქმედება, ამიტომ ეს ცვლილება გაუმართლებელ მხატვრულ კომპორმისად მიმაჩნია“. ჩვენ ვეთანხმებით ამ შენიშვნას, ამიტომაც შემოგთავაზეთ ლ. ქიაჩელის ეს ნოველა 1943 წლის გამოცემის მიხედვით“.
ცხადია, გამომცემლებმა უნდა გაითვალისწინონ ავტორის სურვილი და უპირატესობა მიანიჭონ იმ ვარიანტს, რომელიც ავტორს უფრო მოსწონდა; მეორე დასასრულით  ნაწარმოების გამოქვეყნება კი ლეო ქიაჩელის სურვილი იყო. მაგრამ საინტერესო აქ სხვა რამაა. ტექსტის თავდაპირველ ვარიანტშიც კუზმა კლავს ჰაკის, შემდეგ მწერალმა ეს ეპიზოდი ამოიღო და შეცვალა, ბოლოს კი ავტორი ისევ თავდაპირველ ვარიანტს დაუბრუნდა და ნაწარმოებში კუზმა ისევ მკვლელად გამოიყვანა. სულ მაინტერესებდა, რა გახდა იმის მიზეზი, რომ, როცა ლეო ქიაჩელმა, მიუხედავად იმისა, რომ აშკარაა, მას თავდაპირველი ვარიანტი უფრო მოსწონდა, რაღაც ეტაპზე ეს ვარიანტი შეცვალა, შეარბილა დასასრული და კუზმა ნეიტრალურ დამკვირვებლად გამოიყვანა, ადამიანად, რომელიც უბრალოდ სხვა კულტურულ ღირებულებებს იზიარებს და მისთვის სრულიად გაუგებარია ჰაკის საქციელი.
სამწუხაროდ, არასოდეს არ მქონდა დრო, არქივში წავსულიყავი, მომეძიებინა მასალა – ლეო ქიაჩელის დღიურები, უბის წიგნაკის ჩანაწერები, მისი ახლობლების მოგონებები (თუკი ასეთი რამ არსებობდა და შეუსწავლელიც იყო) –  იმ იმედით, ეგებ რაიმე საინტერესოსთვის მიმეგნო და ჩემი ინტერესი დამეკმაყოფილებინა. ახლახან კი ჩემმა კოლეგამ გამიზიარა თავისი მიგნების შესახებ. ია ღადუა იმავე სკოლაში ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას, რომელშიც მე. თურმე მასაც ყოველთვის აინტერესებდა, რა გახდა ავტორის მიერ „ჰაკი აძბას“ დასასრულის შეცვლის მიზეზი. ია გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის თანამშრომელიცაა და უნიკალურ წიგნთა ფონდს კურირებს. ერთ-ერთ პროექტზე მუშაობისას მან საქართველოს ეროვნულ არქივში განთავსებული მასალა, კერძოდ, მწერალთა კრებების ჩანაწერები, დაამუშავა. სწორედ ამ მასალაში მიაგნო ჩანაწერს წინადადებას, რომელიც ლეო ქიაჩელის, ერთი შეხედვით,  გაუგებარ საქციელს ხსნის. რომ არა ეს ჩანაწერი, დარწმუნებული ვარ, ბევრი მკითხველისთვის ისევ გაუგებარი იქნებოდა მწერლის საქციელი, როცა მან ძლიერი დასასრული სუსტით შეცვალა; ზოგ მკითხველს კი ეგონებოდა, რომ ლეო ქიაჩელმა ჯერ სუსტი ვარიანტი შექმნა, მერე კი გადააკეთა დასასრული. რომ არა ეს ჩანაწერი, ვერ მივხვდებოდით, რატომ უნდა შეეცვალა მწერალს ძლიერი დასასრული სუსტი დასასრულით. ხომ აშკარაა, რომ პირველი დასასრული ბევრად უფრო ძლიერია მეორეზე. თუკი მწერალს ალღომ უღალატა, ის მალევე მიმხვდარა, რომ დასასრული ისევ უნდა შეეცვალა და პირვანდელი ვარიანტი დაებრუნებინა. მაგრამ თურმე საქმე არც მწერლის ალღოში ყოფილა და არც მწერლის არჩევანის თავისებურებაში. საქმე მწერალთა კრებაში ყოფილა, რომელიც 1937 წელს გაიმართა. 8 ოქტომბრის მწერალთა კავშირის სხდომის ჩანაწერებში ვკითხულობთ, რომ ამ დღეს სიტყვით გამოსულა კანდიდ ჩარკვიანი და მას შემდეგი სიტყვებით მიუმართავს მწერლებისთვის: „ჰაკი აძბაში ორი მორალის დაპირისპირებაში ავტორი სცდება. გლეხობას ჩვენ დიდი მოთმინებითა და სულგრძელობით ვეპყრობით. ბოლშევიკ კუზმას კი აძბას მიმართ სულგრძელობა უნდა გამოეჩინა, არ უნდა მოეკლა. ის აქ უეჭველად დამარცხდა. აძბა არავის არ ემუქრებოდა. ამრიგად ამ მოთხრობის დაბოლოვება გაუმართლებელია. შემდეგ გამოცემებში ის უნდა შესწორდეს“. 1937 წელს წარმოთქმული ეს სიტყვები კი უწყინარი ვერ იქნებოდა ადრესატისთვის, მით უმეტეს, რომ მისი წარმომთქმელი ამ დროს, გარდა იმისა რომ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მწერალთა კავშირის პირველი მდივნის თანამდებობას იკავებდა, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი და იმავდროულად საქართველოს ცენტრალური კომიტეტის ბიუროს წევრიც იყო.
მაგრამ ამ ამბავში საინტერესო მარტო ის კი არ არის, რომ, კანდიდ ჩარკვიანის რეკომენდაციით, ლეო ქიაჩელმა მოთხრობის დაბოლოება შეცვალა, არამედ ისიც, რომ პირველი ვარიანტი 1943 წლის გამოცემაში უკან დაბრუნდა. ანუ ჯერ კუზმა კლავდა ჰაკის, შემდეგ ჰაკი თავს იკლავდა და ბოლოს ისევ კუზმა გამოდიოდა ჰაკის მკვლელი. ვინ დააბრუნა და რატომ, ამის შესახებ არქივში დაცულ მასალაში არაფერი წერია, ამიტომაც მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შეგვიძლია. პირველ შემთხვევაში ცვლილების მიზეზი ალბათ დიდი რეპრესიები იყო; ვგულისხმობ იმას, რომ გარშემო ისედაც სისხლის ზღვა იდგა და არაფერი საჭირო იყო, ამაზე აქცენტი ლიტერატურას გაეკეთებინა, პირიქით, უკეთესი იქნებოდა, თუკი ლიტერატურაში ახალი ადამიანები კეთილშობილებად წარმოჩნდებოდნენ. იმ პერიოდში კი, როდესაც პირველი დასასრული დააბრუნა მწერალმა, დიდი რეპრესიები უკვე ჩავლილი იყო და ქვეყანაც მეორე მსოფლიო ომში იყო ჩართული. ამ დროსაც სისხლის ზღვა იდგა გარშემო, ოღონდ ამ სისხლს ქვეყანაში უკვე სხვა ღვრიდა, მისი მიზეზი ომი იყო. შესაბამისად, ჰაკის უდანაშაულო სისხლი უკვე საფრთხეს არ უქმნიდა ახალი ადამიანის პრესტიჟს.
სოცრეალიზმის მოთხოვნების მიხედვით, ლიტერატურას უნდა დაეხატა ყოველმხრივ უნაკლო ახალი ადამიანი ანდა ადამიანი, რომელიც უნდა გარდაქმნილიყო და გარდაქმნილი ახალი ადამიანის კრიტერიუმების შესაბამისად იმოქმედებდა. „ჰაკი აძბაში“, სოცრეალიზმის თვალსაზრისით, ასეთი ახალი ადამიანი კუზმა იყო, ხოლო გარდასაქმნელი ადამიანი ჰაკი. თუმცა კუზმა ყოველმხრივ უნაკლო ადამიანის პარადიგმას სცილდებოდა, ის მაინც ყოფილი კატორღელი იყო, მეფის რუსეთის მიერ მისჯილი კატორღა ნაკლად ვერ ჩაითვლებოდა ახალი ხელისუფლებისთვის, მაგრამ კუზმას წარსულს მაინც სისხლი ალაქავებდა და ეს წარსულის ლაქა ეპითეტშიც წარმოჩნდა, კუზმას სახელს რომ ერთვოდა. მისი ნაკლი ნაწარმოებში პირდაპირ არ იყო აღწერილი, ვგულისხმობ, რომ მწერალი არ აღწერს დეტალებში, რა დანაშაული ჩაიდინა კუზმამ, რისთვისაც მას კატორღა მიუსაჟეს. მაგრამ „მრისხანე“ მაინც ეჭვს ბადებდა, რომ ამ ეპითეტით შემკული კაცი მთლად უნაკლოც ვერ იქნებოდა („ეს იყო ძველი მეზღვაური, 1905 წლის მეამბოხე, ცნობილი შმიდტის თანამებრძოლი ბოცმანი, კუზმა კილგა, რომელსაც მეფის მტავრობამ შმიდტის ამბოხებაში მონაწილეობის მირებისთვის უვადო კატორღა მიუსაჯეს. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შმდეგ კილგა ისევ თავის საქმეს მიუბრუნდა და შავი ზღვის ფლოტში თვალსაჩინო დაიჭირა. მისი სახელი მალე ცნობილი შეიქმნა, როგორც ზღვაზე, ისე მის სანაპიროებში. მტრებმა მას მეტსახელად „მრისხანე: შეარქვეს“ – როგორ შეიქმნა კუზმამ ახალი სახელი, ბურუსითაა დაფარული, მაგრამ ეს სახელი რომ სისხლის გარეშე არ მოვიდოდა, ცხადია). ახალი სტანდარტების მიხედვით, გარდასაქმნელი პერსონაჟი კი, რომელიც ჰაკი იყო, თუკი ახალ ადამიანად ვერ შედგებოდა, მისი ადგილი ახალ საზოგადოებაში არ იქნებოდა. ადამიანი, რომელიც ვერ გარდაიქმნებოდა, თავად უნდა მიმხვდარიყო თავის გამოუსადეგარობას – ახალ ადამიანს, ანუ კუზმას, სისხლით არ უნდა გაესვარა ხელები. ისევე როგორც სისხლით არ ისვრიდა ხელს არავინ საბჭოთა რეპრესიების დროს. სარკაზმი გასაგებია და ბრძანებადამორჩილებული მწერალიც ცვლის დასასრულს. ომის პერიოდში კი უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, ვინ დაღვრიდა სისხლს, ყოველმხრივ უნაკლო ახალი ადამიანსაც კი ეპატიებოდა სისხლი, რადგან სისხლი სამშობლო-სსრკ სახელით იღვრებოდა. სამშობლოს დიადი მომავლის გზაზე ყველანაირი მიზანი გამართლებულია, უდანაშაულოთა სისხლიც კი. ამდენად, თუკი სოცრეალიზმის პირველ ეტაპზე მოთხრობას შერბილება დასჭირდა, შემდეგ ეტაპზე უკვე შერბილება აღარ იყო საჭირო. თუკი მანამდე ხალხს კითხვა მაინც გაუჩნდებოდა, რატომ სჭირდებოდა ახალ ხელისუფლებას ამდენი სისხლი, რამდენად სწორი იყო სისხლისღვრა, ომის პერიოდში უკვე სისხლისღვრამ სხვა გამართლება იპოვა და ლიტერატურასაც აღარ დასჭირდებოდა გაუგებარ კომპრომისებზე წასვლა.
ფაქტია, მწერალთა სხდომის შესახებ ცნობილია მკვლევართა ვიწრო წრისათვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩანაწერის შესახებ ალბათ ჩემსავით არაფერი იცოდნენ ქართული ლიტერატურის მასწავლებლებმა, რადგან ამის შესახებ, ვგონებ, არაფერი წერია იმ რესურსებში, რომელთაც ჩვენ ვიყენებთ გაკვეთილებზე. ამიტომ გთხოვთ, მომიტევოთ, ვინც უკვე იცით კანდიდ ჩარკვიანის მითითებაზე, ხოლო მათ, ვინც ამ წერილიდან გაიგეთ ლეო ქიაჩელისადმი გაცემული რეკომენდაცია, თქვენს მოსწავლეებსაც გააგებინოთ, როგორ ერეოდა პარტია მწერლების არჩევანში.





საშინაო დავალების ეფექტური მეთოდები

სანთლის  შუქი, გაყინული თითები, მწვანე რვეულები და ლურჯი, ბურთულიანი კალმით – „ტ“-ების, „რ“-ების, „ღ“-ების გამოწერაში გათენებული ღამეები, გამრავლების ტაბულის „გაზუთხვით“ ჩაშხამებული ზაფხულის არდადაგები, უზარმაზარი ლექსების დაზეპირებით  გამწარებული საღამოები, ნერვებმოშლილი მშობლები და ცრემლიანი მოსწავლეები. 90-იანი წლების ეს კოშმარი დღესაც გრძელდება, თუმცა შეიცვალა ერთი: „ლამპა“ ელექტროენერგიამ ჩაანაცვლა, მწვანეყდიანი რვეულები – ფერადყდიანებმა, კალმების არჩევანიც უფრო მეტია, თუმცა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არ შეცვლილა: რუტინა ისევ რუტინაა. არაფრისმომცემი ლექსების ზუთხვაში თუ ასო-ბგერების ლამაზად გამოწერებში ისევ იღლებიან შვილები და მშობლები; პატარა, მოუქნელი თითები ისევ თხუპნიან თეთრ ფურცლებს – რასაც უამრავი საყვედური და შენიშვნა მოჰყვება. და ბოლოს ფიქრი: „ნუთუ ეს არის სკოლა, ის ადგილი, სადაც მისვლაზე ასე ვოცნებობდი?“ და აი პირველი იმედგაცრუება, ბრაზი, შიშიც სახეზეა. რომელსაც, არც მეტი და არც ნაკლები,  ის დაწესებულება და ის ადამიანი იწვევს, სულ პირიქით რომ უნდა იყოს და რომ უნდა იდგნენ პატარას შინაგანი სიმშვიდის სადარაჯოზე. მაგრამ ეს ყველაფერი ხომ მეასეხარისხოვანია, მთავარი ისაა რომ „ბ“ ლამაზად მოიხაზოს, „ე“ „დ“-ს გადაებას, და ცხრაჯერ ხუთი რამდენია ღამითაც კი რომ გააღვიძებენ უცებ სხაპასხუპით უპასუხონ. დიახ, მთავარი ესაა  ძალიან ბევრი მშობლისთვის. და მასწავლებლების უმრავლესობაც  მათ სურვილს პატივს სცემს.
უამრავი დავალება სახლში – მშობლისთვის  იმის გარანტიაა, რომ სკოლაში ყველაფერი რიგზეა, მისი შვილი სრულყოფილად ეუფლება ცოდნას, მასწავლებელიც ყოჩაღია, ბევრ დავალებას აძლევს პატარას. შედეგად კი გადაღლილ და ვალდებულებებით დამძიმებულ მოსწავლეებს ვიღებთ, ჯერ კიდევ დაწყებით საფეხურზე.  სკოლის, სწავლის მიმართ პოზიტივი კი ნელ-ნელა ქრება, მოტივაცია ნულამდე ეცემა – რაც შემდგომში მათ მოსწრებაზე და განვითარებაზე არც ისე კარგად აისახება.
მოსწავლის წარმატებებისთვის, მისი პიროვნული განვითარებისთვის და ზოგადად კარგი აკადემიური მოსწრებისთვის უმნიშვნელოვანესია მისი მოტივაცია. რა განწყობით მიდის სკოლაში, როგორ ამზადებს დავალებებს; შინაგანად სურს გარკვეული საგნის მომზადება, აინტერესებს, თუ მხოლოდ და მხოლოდ ქულისთვის ან ვალდებულებისთვის. ვფიქრობ, რომ მასწავლებელი მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს, რომ მის საგანში დავალების მომზადება მოსწავლეს უხაროდეს, მოსწონდეს და სიამოვნებას ანიჭებდეს. ამიტომ დავალებების შერჩევა დიდ  ყურადღებას და ფანტაზიას მოითხოვს. განსაკუთრებით დაწყებით კლასებში, როდესაც ყალიბდება დამოკიდებულებები სკოლის და დისციპლინების მიმართ.
დავალებები უმნიშვნელოვანესი იარაღია მასწავლებლის ხელში.  მთელი რიგი  პრობლემების მოგვარება და გადაჭრა შეიძლება კარგად შერჩეული და მომზადებული დავალებებით. დავალებაში არ იგულისხმება მხოლოდ წერა-კითხვა, განსაკუთრებით დღეს, ტექნოლოგიების ეპოქაში.  კარგია, როდესაც  საშინაო დავალება განსხვავებულია იმისგან, რასაც კლასში აკეთებს მოსწავლე – საინტერესო, სახალისოა, მრავალფეროვანი, სიურპრიზებით და მოლოდინებით აღსავსეა. ასე უყვარდებათ ბავშვებს ის, რასაც სწავლობენ და აკეთებენ.  ეს აუცილებელია, თუ გვინდა, რომ ჩვენს მოსწავლეებს ჯანსაღი ნერვული სისტემა შერჩეთ; რომ სტრესი, გადაღლა, უკმაყოფილება და რუტინა სიხარულმა და ამაღლებულმა მოტივაციამ ჩაანაცვლოს.
მასწავლებელს შეუძლია რამდენიმე დისციპლინა და სოციალური საკითხებიც კი ერთ დავალებაში გააერთიანოს. მაგალითად –  თუ კლასში არის ბავშვი, რომელიც თანაკლასელებისგან განსხავევბული, ჩაკეტილია, ანუ კლასში ურთიერთობების პრობლემაა; ამავე დროს გვინდა, რომ პატარებმა სახლში წერაშიც გაივარჯიშონ, გააზრებაზეც იმუშაონ, ინფორმაციაც მიიღონ და  თან დავალება სახალისოდ შეასრულონ, ეცადეთ:
  • ბავშვებს წაუკითხეთ იაპონური ანიმაციის, ანიმეს შესახებ.  აუხსნათ ანიმეს თავისებურებები და მახასიათებლები – რით განსხვავება ჩვეულებრივი ანიმაციისგან, რომ აქ ემოციების და გრძნობების გამოხატვაა მთავარი და მნიშვნელოვანი.
  • მოკლედ დაგეგმეთ გაკვეთილი ამ თემაზე, შემდეგ კი სახლში საყურებლად მიეცით ფილმი: „როდესაც მარნი იყო ჩემთან“ – (რეჟისორი: HIROMASA YONEBAYASHI, გამოშვების წელი: 2014) და თან გაატანეთ წინასწარ გამზადებული „ემოციების და შთაბეჭდილების წიგნი“, რომლის ერთ-ერთ ვარიანტსაც აქ გთავაზობთ. ასეთი სამუშაო ფურცლები უამრავი შეგიძლიათ შექმნათ ბავშვის ასაკისა და ინტერესების გათვალისწინებით. (გირჩევდით რომ ააწყოთ პროგრამაში: Microsoft Office PowerPoint Presentation და შემდეგ PDF-ად აქციოთ). ჯერ ერთი, ანიმაციის ყურება ყველა ბავშვისთვის ძალიან სასურველი და სასიხარულოა, მეორეც, ფილმის ყურების შემდგომი სამუშაო ფურცლების შევსებითაც ისინი ძალიან ისიამოვნებენ. აი, ამ სახალისო დავალებით, რამდენიმე უნარ-ჩვევაზე ვმუშაობთ: გააზრება, ვიზუალურად გამოსახვა (ხატვა), პერსონაჟების გამოყოფა/დახასიათება, შედარება, წერილის წერის სტილი და სხვ. აქვე შეგიძლიათ გრამატიკული საკითხებიც ჩართოთ და მათემატიკაც კი მიაბათ. ამდაგვარადვე შეიძლება სხვა ფილმების და ანიმაციების დამუშავება, საკლასო პრობლემებზე მსჯელობა და მათი გაანალიზება, ჩაგვრის გათვითცნობიერება, განსხავებული შესაძლებლობების მქონე მოსწავლისა და სხვა ეროვნების, რელიგიის ბავშვების პატივისცემა და სხვ.  ნებისმიერ თემაზე მოიძებნება, ფილმი, ანიმაცია, მოკლე ვიდეო (რომლებითაც სავსეა https://www.youtube.com/ – short animacion), დოკუმენტური ფილმი და სხვ.
  • ასევე  შეიძლება დამუშავდეს სხვადასხვა თემა: ეკოლოგია, დედამიწის  პრობლემები, ცხოველთა სამყარო, კოსმოსი და სხვ.  მსგავსი დავალებები გაზრდის მოსწავლის მოტივაციას; სწავლის მიმართ პოზიტიურ განწყობილებას ჩამოუყალიბებს მას; კიდევ უფრო გააფართოვებს მის თვალსაწიერს. თქვენ კი შესაძლებლობა მოგეცემათ, რომ მოახდინოთ რამდენიმე დისციპლინის ინტეგრირება, თქვენთვის სასურველ და საჭირო თემებზე აქცენტის გაკეთება, კლასში არსებული პრობლემების განხილვა – ისე, რომ პროცესი იყოს შემოქმედებითი, სასურველი, სასიამოვნო, სახალისო  და არა დამთრგუნველი, დამღლელი და უამრავი შიშის, ფობიის, კომპლექსის გამომწვევი.


მნიშვნელოვანია არ შევაშინოთ  ის  პატარა არსებები, რომლებიც ჩვენ მოგვენდნენ, ჩვენი სჯერათ და ფიქრობენ, რომ მსოფლიოში ყველაზე საყვარელი მასწავლებელი, მხოლოდ მისი მასწავლებელია.
(ფილმის ყურების შემდეგ…)
ფილმის დასაწყისში რა იყო ანას პრობლემა? რა აწუხებდა მას?
——————————————————————————————————————————
——————————————————————————————————————————–
——————————————————————————————————————————–

რა ჟანრისაა, შენი აზრით, ფილმი? რატომ ფიქრობ ასე?
——————————————————————————————————————————————————————
——————————————————————————————————————————————————————
—————————————————————————————————————————————————————-
ანას რომ იცნობდე (შენი კლასელი რომ იყოს), როგორ დაეხმარებოდი? რა ემოცია გამოიწვია შენში ფილმმა? როგორ გრძნობდი თავს ფილმის ყურების დასრულებისას?
—————————————————————————————————————————————————————-
—————————————————————————————————————————————————————
დახატე                                                                                                                                                                              დაწერე 
——————————————————————————
—————————————————————————–
—————————————————————————–
—————————————————————————–
—————————————————————————-
—————————————————————————-

რამ გამოიწვია შენში გაოცება? ელოდი ასეთ დასასრულს? თუ ელოდი, რომელმა მომენტმა მიგახვედრა?
—————————————————————————————————————————————————————
—————————————————————————————————————————————————————

მისწერე წერილი ანას ან მარნის
————————————————————————————————————————————————————————–
————————————————————————————————————————————————————————
დახატე ნახატი, რომელსაც ანას ან მარნის გაუგზავნიდი                                         შეცვლიდი თუ არა დასასრულს? როგორ დაასრულებდი? 
———————————————————————————
———————————————————————————
———————————————————————————
———————————————————————————
———————————————————————————
——————————————————————————-

შენ რომ ანიმეს ქმნიდე, როგორი სიუჟეტი (შინაარსი) ექნებოდა მას? ვინ იქნებოდნენ პერსონაჟები? რა პრობლემები ექნებოდათ მათ?

 პერსონაჟი                                                                                                                                                                            ტექსტი 
                                                                                                



Комментариев нет:

Отправить комментарий